საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში, ბრიუსელის აეროპორტში რეისების უმეტესობა გაუქმდა, შეფერხებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ბრიუსელის აეროპორტი

ბელგიაში საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში, ბრიუსელის აეროპორტში რეისების უმეტესობა გაუქმდა, შეფერხებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ეს ქვეყნის უმსხვილესი პროფკავშირების მიერ ორგანიზებული სამდღიანი გაფიცვის ბოლო დღეა.

გაფიცვის მონაწილეები აპროტესტებენ პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერის მთავრობის მიერ ინიცირებული საპენსიო სისტემისა და შრომითი ბაზრის რეფორმას.

დღეს ბრიუსელის აეროპორტიდან გაუქმებულია ყველა გამავალი რეისი და დაგეგმილი 203 შემომავალი რეისიდან 110. შეფერხებით მუშაობს ბელგიის კიდევ ერთი – შარლერუას აეროპორტი, რომლის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ პერსონალის ნაკლებობის გამო, ვერ უზრუნველყოფს რეისების განრიგის მიხედვით შესრულების გარანტიას.

მოსალოდნელია, რომ გაფიცვის დასკვნითი დღე ყველაზე მასშტაბური იქნება, რადგან გაფიცვას უერთდებიან სკოლების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კერძო სექტორის თანამშრომლები.

მოგვიანებით, ბრიუსელში დაგეგმილია საპროტესტო აქცია. ოქტომბერში გამართულ ანალოგიურ დემონსტრაციაში 80 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ბელგიის მთავრობა ბანკებისთვის, ასევე, ავიაბილეთებსა და ბუნებრივ აირზე გადასახადების გაზრდას გეგმავს. ხარჯების შემცირებასთან ერთად, ამან 2029 წლისთვის ბიუჯეტის დეფიციტი 9,2 მილიარდი ევროთი უნდა შეამციროს.