სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისთვის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

იუნ სოკ იოლი

სეულის პირველი ინსტანციის სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს იუნ სოკ იოლს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის გამო ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას სამხრეთკორეული მედია ავრცელებს.

მედიის თანახმად, საუბარია 2025 წლის იანვრის მოვლენებზე, როცა მან და მისი დაცვის წევრებმა სამართალდამცველებს დაპატიმრების საშუალება არ მისცეს.

2025 წლის 3 იანვარს სამართალდამცველებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის დაკავება რეზიდენციაში სცადეს, თუმცა დაცვის წევრებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. იუნ სოკ იოლის დაკავება მეორე ცდაზე, 15 იანვარს მოხერხდა. იმ მომენტისთვის ის ჯერ კიდევ იყო პრეზიდენტი, თუმცა იმპიჩმენტის გამო უფლებამოსილება დროებით შეჩერებული ჰქონდა. პროკურატურა მისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

საერთო ჯამში იუნ სოკ იოლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რვა საქმეა აღძრული, ოთხი მათგანი საომარი მდგომარეობის შემოღებას ეხება. ამ საქმეებთან დაკავშირებით პროკურატურა მისთვის სიკვდილით დასჯას ითხოვს.