საფრანგეთში ტყის ხანძრების განზრახ ან შემთხვევით გაჩენის ბრალდებით 420 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 166 არასრულწლოვანი

კუნძულ კრეტაზე ტყის ხანძრები

საფრანგეთში სამართალდამცველებმა 420 ადამიანი დააკავეს ტყის ხანძრების განზრახ ან შემთხვევით გაჩენის ბრალდებით. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ეჭვმიტანილთა შორის 166 არასრულწლოვანია.

„ბიბისის“ ცნობით, ერთ-ერთ შემთხვევაში 23 წლის მამაკაცს ბრალად ედება გასულ თვეში სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთის ვარის ადმინისტრაციულ ერთეულში ხუთი დღის განმავლობაში ათი ხანძრის განზრახ გაჩენა.

დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 150 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

„ბიბისის“ მიერ გამოკითხული ექსპერტების შეფასებით, საფრანგეთში ტყის ხანძრების უმეტესობა შემთხვევით ჩნდება და მათი მხოლოდ მცირე ნაწილია განზრახ გაჩენილი. ხანძრების გამომწვევ მიზეზებს შორის სახელდება სამშენებლო სამუშაოებიდან წარმოქმნილი ნაპერწკლები, გაუმართავი ელექტრომოწყობილობები, სიგარეტის ნამწვი და ტყეში დანთებული კოცონი.

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში ბოლო დღეებში ხანძრებთან დაკავშირებით ვითარება დასტაბილურდა და ტურისტებს უკვე რეგიონში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.