საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება, პარიზში საშუალო სკოლის მოსწავლეებმა რივოლის ქუჩა გადაკეტეს და პოლიციას დაუპირისპირდნენ

საფრანგეთში საპროტესტო აქციები

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. პარიზში საშუალო სკოლის მოსწავლეებმა რივოლის ქუჩა გადაკეტეს და პოლიციას დაუპირისპირდნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს აუკრძალეს მსვლელობა, რომელიც ბასტილიიდან კონკორდის მოედნამდე იყო დაგეგმილი. შეზღუდვის მიზეზად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა სახელდება.

მთავარი აქცია, რომელიც პარიზში ადგილობრივი დროით 14:00 საათზეა დაგეგმილი, რესპუბლიკის მოედნიდან იწყება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური ტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლიც.

შეტაკება მოხდა ელენ-ბუშეს ლიცეუმთან პოლიციის სპეციალურ დანაყოფსა და აქციის მონაწილეებს შორის. ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ჩხრეკენ პოლიციელები მოსწავლეებს და ერთ-ერთ მოზარდს ნიღაბს ხსნიან. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ გაჩხრიკეს 12-13 წლის ბავშვებიც და მოსთხოვეს, სასკოლო დოკუმენტები ეჩვენებინათ.

ამასთან, პრეფექტურის ცნობით, ლიონში მსვლელობას წინ ერთ-ერთი დაჯგუფების 500 წევრი მიუძღვებოდა, მათ შენობების ვიტრინები დაამტვრიეს და პოლიციას სხვადასხვა საგნები ესროლეს. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ქალაქ ტულუზასთან ახლოს, ტურნფეიში, ნიღბიანმა ახალგაზრდებმა სკოლის ადმინისტრაციულ ნაწილში ცეცხლი გააჩინეს. საჭირო გახდა მოსწავლეების ევაკუაცია.

ნიცაში, პრეფექტურის მონაცემით, მსვლელობაში თითქმის 3 000 ადამიანი მონაწილეობდა, ბორდოში აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს. გაფიცვამ სკოლებისა და მატარებლების მუშაობა შეაფერხა, დროებით დაიკეტა ეიფელის კოშკიც.

✕