რუსეთი, უკრაინა, ამერიკა და ევროპა თანხმდებიან, რომ მოლაპარაკებები უნდა შედგეს - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

უკვე მეორე დღეა, მსოფლიო პუტინის პასუხს ელოდება. ამ დრომდე უცნობია, ჩავა თუ არა კრემლის ლიდერი 15 მაისს სტამბოლში და შეხვდება თუ არა ზელენსკის.

მოსკოვს ოფიციალური პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებია, თუმცა ცნობილი გახდა, რომ შედგა სატელეფონო საუბარი ლავროვსა და მის თურქ კოლეგას შორის.

განცხადება გააკეთა ტრამპმაც, რომელიც იმედოვნებს, რომ შეხვედრა შედგება და შესაძლოა ის ამ მოლაპარაკებას თავადაც დაესწროს.

პარალელურად, უკრაინის საკითხზე ევროპელმა დიპლომატებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს. "ვაიმარი +"-ის ფორმატის ფარგლებში გავრცელებულ დოკუმენტში ისინი მოუწოდებენ რუსეთს, ცეცხლი შეწყვიტოს.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მზად არის უმასპინძლოს მხარეებს და იმედოვნებს, რომ გაჩენილი შესაძლებლობა ამჯერად ხელიდან არ იქნება გაშვებული.

"ეტაპზე, რომელსაც მივაღწიეთ, რუსეთი, უკრაინა, ამერიკა და ევროპა თანხმდებიან, რომ მოლაპარაკებები უნდა შედგეს. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ როგორც ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ყველა მხარის ნდობა მოიპოვა, მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ ამ მოლაპარაკებებში და მოხარული ვიქნებით, თუ მათ ვუმასპინძლებთ. უახლესი კონტაქტების შედეგად, ვხედავთ, რომ ახალი შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა. ვიმედოვნებთ, რომ გაჩენილი შესაძლებლობა ამჯერად არ იქნება ხელიდან გაშვებული", - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.