რუსეთი გვთავაზობს მშვიდობას, რომელიც კაპიტულაცია იქნება - მაკრონი

ემანუელ მაკრონი

რუსეთი გვთავაზობს მშვიდობას, რომელიც კაპიტულაცია იქნება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „მსურველთა კოალიციის“ ონლაინშეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გვინდა მშვიდობა: ძლიერი, ხანგრძლივი მშვიდობა, რომელსაც წინ უძღვის პატიმრების, უდანაშაულო ადამიანების დაბრუნება და რომელიც პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, პუტინს არ სურს ნამდვილი მშვიდობა, არამედ სურს უკრაინის კაპიტულაცია. ამასთან, მაკრონის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მშვიდობა სურს.

„მხოლოდ ერთი სახელმწიფო გვთავაზობს მშვიდობას, რომელიც კაპიტულაცია იქნება, ეს რუსეთია“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელები აუცილებლად უნდა დაესწრონ უკრაინის საკითხზე მომდევნო სამიტებს.