Reuters: უკრაინა უცხოურ იარაღის მწარმოებელ კომპანიებს საშუალებას მისცემს რუსეთის წინააღმდეგ ომის წინა ხაზზე გამოცადონ თავიანთი უახლესი იარაღი

ნჯ

 უკრაინა მზადაა იარაღის უცხოელ მწარმოებლებს საშუალება მისცეს რუსეთის წინააღმდეგ ომის წინა ხაზზე გამოცადონ თავიანთი უახლესი იარაღი. ინფორმაციას Reuters-ი უკრაინის მთავრობის მიერ შექმნილ ინვესტიციებისა და იარაღის შესყიდვის პლატფორმა Brave1-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ გაუგზავნონ კიევს საკუთარი პროდუქცია და მათი გამოყენების წესი ჯარისკაცებს ონლაინ გააცნონ, ხოლო შემდეგ სამხედროებისგან ბრძოლის ველზე ჩატარებული ცდების შესახებ დასკვნები მიიღონ.

როგორც Brave1-ის ინვესტორებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, არტიომ მოროზოვი აცხადებს, ეს უცხოურ კომპანიებს საშუალებას მისცემს გაიგონ, თუ რა მუშაობს წინა ხაზზე, ხოლო უკრაინას - რა თანამედროვე ტექნოლოგიებია ხელმისაწვდომი ახლა.

მან აღნიშნა, რომ აღნიშნული სქემის მიმართ „დიდი ინტერესი“ არსებობს, თუმცა არ დაასახელა კომპანიები, რომლებიც პროექტს შეუერთდნენ. მოროზოვმა დასძინა, რომ Brave1-მა უკვე შეადგინა სამხედრო ტექნოლოგიების ის სია, რომლის გატესტვაც კიევს სურს.

„ჩვენ პრიორიტეტების სია გვაქვს. ერთ-ერთი მათგანი - ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაა: ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ახალი საშუალებები, უპილოტო საფრენი აპარატების გადამჭერები, ხელოვნური ინტელექტის მქონე სისტემები, მართვად საავიაციო ბომბებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მოროზოვმა.

გარდა ამისა, ტესტირებისთვის პრიორიტეტული ტექნოლოგიების სიაში შედის წყლის უპილოტო საფრენი აპარატები, ხმელეთზე ელექტრონული პროფილირების სისტემები და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ცეცხლის კორექტირების დახვეწილი სისტემები.