Reuters: პუტინი უკრაინისგან ითხოვს, რომ მან უარი თქვას დონბასის რეგიონზე, ნატოში გაწევრიანების ამბიციებზე, შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი და არ დაუშვას დასავლელი სამხედროები ქვეყანაში

პუტინი

ვლადიმირ პუტინი უკრაინისგან ითხოვს, რომ მან უარი თქვას დონბასის რეგიონზე, ნატოში გაწევრიანების ამბიციებზე, შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი და არ დაუშვას დასავლელი სამხედროები ქვეყანაში, - განუცხადა Reuters-ს სამმა წყარომ, რომლებიც კრემლის მაღალჩინოსნების მოსაზრებებს იცნობენ.

სამი წყაროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი თავის ახალ წინადადებაში კვლავ მოითხოვს, რომ უკრაინამ სრულად დატოვოს დონბასის ის ნაწილები, რომელსაც კიევი ამ დრომდე აკონტროლებს.

სანაცვლოდ, მოსკოვი შეაჩერებს საბრძოლო მოქმედებებს ზაპოროჟიესა და ხერსონის ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე.

აშშ-ის შეფასებებისა და ღია წყაროების მონაცემებით, რუსეთი დონბასის დაახლოებით 88%-ს და ზაპოროჟიესა და ხერსონის 73%-ს აკონტროლებს.

წყაროების ცნობით, მოსკოვი მზად არის, შესაძლო შეთანხმების ფარგლებში, ხარკოვის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონების ის მცირე ნაწილებიც დათმოს, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებს.

წყაროების ცნობით, პუტინი კვლავაც ითხოვს, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანების ამბიციებზე და მიიღოს სამხედრო ალიანსისგან იურიდიულად სავალდებულო დაპირება, რომ ის აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება.

ასევე, კრემლი მოითხოვს, რომ არცერთი დასავლელი სამხედრო არ განათავსონ უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში.