Reuters: დონალდ ტრამპმა მრჩევლებთან ერთად ევროპიდან აშშ-ის ჯარების ნაწილის გაყვანის ვარიანტი განიხილა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მრჩევლებთან ერთად ევროპიდან აშშ-ის ჯარების ნაწილის გაყვანის ვარიანტი განიხილა - განუცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა Reuters-ს.

გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და თეთრ სახლს არ დაუვალებია პენტაგონისთვის კონტინენტზე ჯარების შემცირების კონკრეტული გეგმების მომზადება - განაცხადა წყარომ.

თუმცა, მხოლოდ ეს განხილვებიც კი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მკვეთრად გაუარესდა ურთიერთობები ვაშინგტონსა და მის ევროპელ ნატოელ მოკავშირეებს შორის ბოლო თვეების განმავლობაში.

ეს ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ ოთხშაბათს ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს ვიზიტმა თეთრ სახლში ვერ შეძლო ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, რომლებიც, სავარაუდოდ, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ნატოს 1949 წლის დაარსების შემდეგ.

თეთრმა სახლმა საჯაროდ განაცხადა, რომ ტრამპი განიხილავდა ალიანსიდან სრულად გამოსვლის საკითხს. ევროპიდან ჯარების გაყვანა ტრამპს საშუალებას მისცემს, მკვეთრად შეამციროს ვაშინგტონის უსაფრთხოების ვალდებულებები კონტინენტზე ფორმალური გამოსვლის გარეშე.

ამჟამად აშშ-ს ევროპაში 80 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცენტრალურ როლს ასრულებს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში. ამ ჯარებიდან 30 000-ზე მეტი განთავსებულია გერმანიაში, მნიშვნელოვანი რაოდენობა კი ასევე დისლოცირებულია იტალიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ესპანეთში.