Reuters: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიამ ქვეყნის ყველაზე დასახლებულ რეგიონში გამართულ მუნიციპალურ არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია

Reuters

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიამ (AfD) ქვეყნის ყველაზე დასახლებულ რეგიონში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში გამართულ მუნიციპალურ არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters.

„კვირას გამართული არჩევნების შედეგად, პარტიის კანდიდატები მერობისთვის ბრძოლის მეორე ტურში პირველად გავიდნენ, რაც აღმოსავლეთ გერმანიის ფარგლებს გარეთაც პარტიის მზარდ მხარდაჭერაზე მიუთითებს“, - აღნიშნავს Reuters.

„ქრისტიან-დემოკრატები“ (CDU) კვლავ ყველაზე ძლიერ პარტიად დარჩნენ, თუმცა მათი კოალიციური პარტნიორების, „სოციალ-დემოკრატების“ (SPD) მხარდაჭერა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, შემცირდა. ამავე დროს, AfD-მ თითქმის გაასამმაგა თავისი შედეგი ხუთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით და 14.5% დააგროვა.

მიგრაციის საკითხის მოგვარება AfD-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თებერვალში გამართული ფედერალური არჩევნების შედეგად პარტია გერმანიაში სიდიდით მეორე ძალად იქცა და მას მხარდაჭერა ილონ მასკმაც გამოუცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ AfD-ის ხმების წილი თებერვლის არჩევნებთან შედარებით ოდნავ შემცირდა, მისი მერობის კანდიდატები პირველად გავიდნენ მეორე ტურში რურის ხეობის სამ ქალაქში - გელზენკირხენში, დუისბურგსა და ჰაგენში. ეს რეგიონი ყოფილი სამრეწველო ცენტრი და გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მხარეა.