ქურდებმა 235 ათას დოლარიანი ბრილიანტი ყალბით შეცვალეს - როგორ გაირკვა სიმართლე

ლკჯ

სინგაპურში ორმა მამაკაცმა საიუველირო მაღაზიიდან 235 ათას დოლარზე მეტი ღირებულების ბრილიანტის მოპარვა სცადა, თუმცა მათი გეგმა მალევე ჩავარდა - პოლიციამ ორივე მათგანი შემთხვევიდან სულ რაღაც სამ საათში დააკავა.

30 და 42 წლის მამაკაცები მაღაზიაში შევიდნენ და ძვირად ღირებული ბრილიანტის შეძენით დაინტერესდნენ.

მათ ქვის დათვალიერება და შემოწმება დაიწყეს. სწორედ ამ დროს, პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცებმა მოხერხებულად შეცვალეს ნამდვილი ბრილიანტი წინასწარ მომზადებული ყალბი ქვით.

ორივემ მაღაზია ისე დატოვა, რომ არაფერი შეუძენია. თუმცა, მათი საქციელი თანამშრომელს საეჭვოდ მოეჩვენა. შემოწმების შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ ნამდვილი ბრილიანტი აღარ იყო ადგილზე და მისი ადგილი ყალბ ქვას დაეკავებინა.

მაღაზიის თანამშრომელმა პოლიციას დაუყოვნებლივ მიმართა. სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს და ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერებისა და პოლიციის კამერების ჩანაწერების დახმარებით შეძლეს.

საბოლოოდ, ორივე მამაკაცი აეროპორტში, შემთხვევიდან სამ საათზე ნაკლებ დროში დააკავეს. პოლიციამ მათგან მოპარული ნამდვილი ბრილიანტიც ამოიღო.

მამაკაცებს ბრალი წაუყენეს ქურდობაში თანამზრახველთან ერთად. სინგაპურის კანონმდებლობით, აღნიშნული დანაშაული შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთითა და ჯარიმით ისჯება.