POLITICO: ევროკავშირის ქვეყნები სამართლებრივი დავით იმუქრებიან იმ ძალაუფლების გამო, რომელიც ევროპარლამენტს გადაეცემა

ევროკავშირი

გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული წერილის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნები სამართლებრივი დავით იმუქრებიან იმ ძალაუფლების გამო, რომელიც ევროპარლამენტს გადაეცემა.

წერილი, რომლის საბოლოო ფორმულირებასაც ევროკავშირის ქვეყნები ოთხშაბათს დაამტკიცებენ, ეჭვქვეშ აყენებს ევროპარლამენტსა და ევროკომისიას შორის გასულ წელს მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს.

საბჭო, რომელიც ეროვნულ დედაქალაქებს წარმოადგენს, და პარლამენტი, რომელიც მოქალაქეების მიერ პირდაპირი წესით არჩეული კანონმდებლებისგან შედგება, ერთობლივად აყალიბებენ კანონებს, რომელთა ინიციატორიც ევროკავშირის აღმასრულებელი შტო - კომისიაა.

პარლამენტი, რომელიც ხშირად „უმცროს პარტნიორად“ განიხილება, წლების განმავლობაში ცდილობდა საკანონმდებლო პროცესზე გავლენის გაფართოებას.

„საბჭომ არაერთხელ გამოხატა თავისი მკვეთრი პროტესტი ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, - ნათქვამია წერილის პროექტში, - ისევე როგორც ეჭვი მის თავსებადობაზე ხელშეკრულებებით დადგენილ პრინციპებთან“.

ქვეყნებს განსაკუთრებით აღიზიანებთ კომისიის დაპირება იმის შესახებ, რომ უზრუნველყოფს საბჭოსა და პარლამენტის „თანასწორუფლებიანობას“ საკანონმდებლო პროცესში.

ევროკავშირის ქვეყნებისთვის კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს ევროპარლამენტარების მზარდი გავლენა საერთაშორისო შეთანხმებებზე; ეს განსაკუთრებით აქტუალურია სამხრეთ ამერიკის „მერკოსურის“ ჯგუფთან სავაჭრო გარიგების ფონზე, რომელიც პარლამენტმა მას შემდეგ შეაფერხა, რაც დედაქალაქებმა 25-წლიანი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებას მიაღწიეს.