ომის დასასრულებლად მზად ვართ რუსეთთან დიპლომატიისთვის, მაგრამ არა იმ პირობით, რომ აგრესორს ჩვენი ტერიტორიები ვაჩუქოთ - ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან დიპლომატიისთვის ომის დასასრულებლად, მაგრამ არა აგრესორისთვის მიწების გადაცემის პირობით.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც ესაუბრა.

„არა იმ პირობით, რომ საიდანღაც  გავიდეთ და აგრესორს ჩვენი მიწა, ჩვენი ტერიტორიები ვაჩუქოთ. რა თქმა უნდა, საქმე კილომეტრებს არ ეხება,  საქმე ეხება სახლებს, ჩვენს ხალხს, ისტორიას. ეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობაა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შვედეთში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის მხრიდან დიპლომატიისთვის მზადყოფნას ვერ ხედავს.

„ყველა ეს დიპლომატიური ძალისხმევა, რომელსაც ის თავისი მოწოდებებითა და გზავნილებით აჩვენებს, მიზნად ისახავს ამერიკისა და ევროპის მხრიდან მკაცრი გადაწყვეტილებების გადადებას, როგორიცაა სანქციების დაწესება“, – განაცხადა ზელენსკიმ.