ნულოვანი ტოლერანტობა იქნება მათ მიმართ, ვინც ხალხს ამბოხისკენ მოუწოდებს და ორაზროვანი განცხადებებით ცალკეულ პირებს პროვოცირებას უწევს - ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი

ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი

ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი ღოლამ ჰოსეინ მოჰსენი ეჯეი ნულოვანი ტოლერანტობით ემუქრება ყველას, ვინც საპროტესტო გამოსვლებისკენ მოწოდებებს ავრცელებს.

„ნულოვანი ტოლერანტობა იქნება მათ მიმართ, ვინც ხალხს ამბოხისკენ მოუწოდებს ან აქეზებს, ისევე როგორც მათ წინააღმდეგ, ვინც ორაზროვანი განცხადებებით ცალკეულ პირებს პროვოცირებას უწევს“, – წერს ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ირანში დემონსტრაციები, მე-15 დღეა, გრძელდება. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 544 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 500-ზე მეტი აქტივისტია.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 10 600 აქტივისტია დაკავებული. მედიის ცნობით, უკვე 84 საათზე მეტია, რაც ირანის მოსახლეობის უმეტესობას ინტერნეტზე წვდომა არ აქვს.