ნატოს გენერალურმა მდივანმა ნიდერლანდებს უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების პირველი პაკეტის დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა

მარკ რუტე

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ნიდერლანდებს ნატოს „უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სიის ინიციატივის“ ფარგლებში ამერიკული შეიარაღების პირველი პაკეტის დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა. რუტეს განცხადება ნატოს საიტზე გავრცელდა.

„მადლობას ვუხდი ჩვენს მოკავშირეებს იმისთვის, რომ უკრაინას აწვდიან იმ აუცილებელ სამხედრო აღჭურვილობას, რომელიც მას რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად ესაჭიროება. უახლოეს მომავალში სხვა მოკავშირეებისგან მნიშვნელოვან განცხადებებს ველოდები“, - აღნიშნა რუტემ.

ცნობისთვის, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, რომელიც ამერიკული წარმოების იარაღისგან, მათ შორის Patriot-ის რაკეტების კომპონენტებისგან შედგება.