NASA- მარსზე სიცოცხლის შესაძლო კვალი აღმოაჩინა

მარსი

NASA-მ ახლახან საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მარსზე სიცოცხლის შესაძლო ნიშნები აღმოაჩინა. ესაა გასულ წელს ეზეროს კრატერში მოპოვებული ნიმუში, რომელიც პოტენციურ ბიოლოგიურ კვალს შეიცავს, ანუ, შესაძლოა, ცოცხალი ორგანიზმების მიერ იყოს წარმოქმნილი.

ნიმუში მარსმავალმა Perseverance-მა შეისწავლა, როცა წითელ პლანეტაზე ძველად არსებული მდინარის ფსკერს იკვლევდა. აპარატმა იქ თიხები და ლამი დააფიქსირა, რომლებიც დედამიწაზე მიკრობული სიცოცხლის ნიშნების შემოსანახად იდეალურია. ისინი მდიდარია ორგანული ნახშირბადით, გოგირდით, ჟანგითა და ფოსფორითაც.

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს კომპონენტები მიკროორგანიზმებისთვის ენერგიის კარგი წყარო იქნებოდა. მეტი ინფორმაციის მისაღებად ნიმუში Perseverance-ის ინსტრუმენტებით გააანალიზეს და მიაგნეს "ლაქებს", რომლებიც რკინით მდიდარ მინერალებს შეიცავს - ვივიანიტსა და გრეიგიტს. მათი კომბინაცია პოტენციურ ბიოინდიკატორად მიიჩნევა.

საინტერესო ისაა, რომ ეს მინერალები სხვაგვარადაც შეიძლება წარმოიქმნას, მაგრამ ნიმუშში ალტერნატიული ახსნისთვის საჭირო მტკიცებულებებს ვერ მიაგნეს. აღსანიშნავია, რომ ეს გეოლოგიური ფორმაცია საკმაოდ ადრინდელია, ანუ, შესაძლოა, მარსზე სიცოცხლე იმაზე დიდხანს არსებობდა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.