ნარკოკარტელებთან საბრძოლველად აშშ პუერტო რიკოში „ეფ-35“-ის ტიპის ათი ავიაგამანადგურებლის განთავსებას გეგმავს

ავიაგამანადგურებლი

ნარკოკარტელებთან საბრძოლველად აშშ პუერტო რიკოში „ეფ-35“-ის ტიპის ათ ავიაგამანადგურებელს განათავსებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებას წყარომ განუცხადა, ავიაგამანადგურებლები პუერტო რიკოში, ავიაბაზებზე განთავსდება ნარკოკარტელების წინააღმდეგ ოპერაციების ჩასატარებლად. სამხედრო თვითმფრინავები ადგილზე მომავალ კვირაში იქნება განლაგებული.

აგვისტოში ტრამპის ადმინისტრაციამ კარიბის ზღვის აუზის სამხრეთ ნაწილში სამხედრო ხომალდები განალაგა. 2 სექტემბერს აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ კარიბის ზღვაში ვენესუელიდან მომავალ ხომალდზე დარტყმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ხომალდით ტერორისტების მიერ ნარკოტიკის უკანონო ტრანსპორტირება ხდებოდა. მანამდე, მიმდინარე კვირის დასაწყისში ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ აშშ ვენესუელაში სამხედრო მუქარის გზით რეჟიმის ცვლილებისკენ მიისწრაფვის.