ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს ქალი, რომელსაც მეგობრის პრეზერვატივების გახვრეტა ედებოდა ბრალად

პრეზერვატივი

ავსტრალიაში 24 წლის ქალი სასამართლოს წინაშე წარდგა საკმაოდ უცნაური ბრალდების გამო. საქმე მეგობრის გახვრეტილ პრეზერვატივებს უკავშირდებოდა.  ქალაქ ბანბერის საოლქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ქალი უდანაშაულოდ ცნეს. ამის შესახებ ადგილობრივი პორტალი  იუწყება.

საქმე ეხება სკაი პალაცეზ ედვარდსს. გამოძიების ვერსიით, 2022 წლის ზაფხულში გოგონამ, მეგობრის ახალი პარტნიორის მიმართ ეჭვიანობის გამო, სამკერვალო ნემსი აიღო და რამდენიმე პრეზერვატივში პატარა ხვრელები გააკეთა. მოგვიანებით დაკითხვისას მან აღიარა, რომ დაზიანებული ნივთები გადააგდო. 

რამდენიმე თვის შემდეგ მისმა მეგობარმა გაიგო, რომ ორსულად იყო, მაგრამ მას მუცელი მოეშალა, რის გამოც ქალს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

შემდგომში მან აღმოაჩინა ედვარდსის მიმოწერა, სადაც ის აღიარებდა დანაშაულს. „მათი პრეზერვატივების ნახევარი გავხვრიტე.“, წერდა ედვარდსი.. ამის შემდეგ ქალმა საძინებელში იპოვა ერთ-ერთი დაზიანებული პრეზერვატივი და პოლიციას მიმართა.

პროკურატურა ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ბრალდებულის ქმედებებმა პირდაპირ გამოიწვია ორსულობა და შემდგომი ჯანმრთელობის პრობლემები. თუმცა დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ასეთი კავშირი დამტკიცებული არ არის.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ წყვილი სხვა კონტრაცეფციის მეთოდებსაც იყენებდა, ხოლო აღმოჩენილი პრეზერვატივი შესაძლოა სხვა შეფუთვიდან ყოფილიყო. მეტიც, დაცვის მხარემ არ გამორიცხა, რომ ხვრელი შემთხვევითაც შეიძლებოდა გაჩენილიყო, მაგალითად, კატის ბრჭყალისგან.

საბოლოოდ, ნაფიცმა მსაჯულებმა მიიჩნიეს, რომ მტკიცებულებები საკმარისი არ იყო და ქალი გაამართლეს.