მოლაპარაკების გასაგრძელებლად, პაკისტანში დღეს ტრამპის წარმომადგენლებს ელოდებიან - უცნობია, დათანხმდა თუ არა შეხვედრაში მონაწილეობას ირანი

მოლაპარაკება

 მოლაპარაკების გასაგრძელებლად, პაკისტანში დღეს ტრამპის წარმომადგენლების ჩასვლას ელოდებიან, თუმცა ამ დრომდე უცნობია, დათანხმდა თუ არა შეხვედრაში მონაწილეობას ირანული მხარე.

პარალელურად, ჰორმუზის სრუტეში კვლავ დაძაბული ვითარებაა. 6-საათიანი გაფრთხილების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ცეცხლი გაუხსნა ირანის დროშის ქვეშ მცურავ გემს, რომელიც საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა. ამჟამად გემი ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების კონტროლს ექვემდებარება.

მომხდარის გამო, ირანის სამხედრო ძალები მუქარის შემცველ განცხადებას ავრცელებს. გემზე თავდასხმა შეფასებულია, როგორც აგრესიის აქტი.

"ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები აშშ-ის შეიარაღებული მეკობრეობის წინააღმდეგ მალე საპასუხო ზომებს მიმართავენ", - ნათქვამია განცხადებაში.

პარალელურად, ისრაელის სამხედრო ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლიბანში მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ლიკვიდირებულია "ჰეზბოლას" დაჯგუფების 250-მდე წევრი; განადგურებულია დაჯგუფების 400-ზე მეტი ინფრასტრუქტურული ობიექტი; ამოღებულია ათასამდე საბრძოლო მასალა და იარაღი; ცაჰალმა მიმდებარე ტერიტორიაზე ახალ მიწისქვეშა გვირაბებსაც მიაგნო.