მნიშვნელობა არ აქვს, უნგრული დრონები გადაფრინდნენ თუ არა უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინა სუვერენული ქვეყანა არ არის - ვიქტორ ორბანი

 ვიქტორ ორბანი

მნიშვნელობა არ აქვს, უნგრული დრონები გადაფრინდნენ თუ არა უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინა სუვერენული ქვეყანა არ არის, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არავის სურს უნგრეთიდან უკრაინაზე თავდასხმა და ზელენსკის, უფრო მეტად უნდა აწუხებდეს აღმოსავლეთში არსებული ვითარება.

„ახლა, ორი, სამი თუ ოთხი უნგრული დრონი შევიდა თუ არა, ეს საკითხი არ არის მნიშვნელოვანი. დავუშვათ, რომ ისინი იქ რამდენიმე მეტრზე შეფრინდნენ და მერე რა? უკრაინა არ არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, ჩვენ ვუჭერთ მხარს უკრაინას, ის არ უნდა მოიქცეს ისე, თითქოს სუვერენულია. თუ დასავლეთი გადაწყვეტს, რომ ხვალ ერთი ფორინტიც არ მისცეს, უკრაინა შეიძლება გაკოტრდეს. ეს არ არის ის, რაც მას უნდა აწუხებდეს“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

26 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრული სადაზვერვო დრონის შეჭრის შესახებ განაცხადა, რაზეც უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა, რომ მას „უნგრეთს საწინააღმდეგო განწყობები აქვს“ და „აჩრდილებს ხედავს“.