მიუნხენის აეროპორტში უბილეთო კაცმა ორ სხვადასხვა თვითმფრინავში მოახერხა ასვლა

უბილეთო კაცმა ორ სხვადასხვა თვითმფრინავში მოახერხა ასვლა

ნორვეგიელმა ტურისტმა გერმანიაში ბილეთის გარეშე თვითმფრინავის ბორტზე ასვლა ორჯერ მოახერხა. პირველად ის გამოიჭირეს, თუმცა მეორევე დღეს კაცი შვედეთში გაფრინდა. ამის შესახებ Bild-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პირველად 39 წლის კაცმა მიუნხენის აეროპორტის თანამშრომლების მოტყუება 4 აგვისტოს მოახერხა. მას არ უყიდია ბილეთი, მაგრამ სხვა მგზავრების გვერდით დადგა და საპასპორტო კონტროლის გავლა შეძლო. კაცმა ასევე წარმატებით აუარა გვერდი ავიაკომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც მგზავრებს ჩასხდომამდე ამოწმებდნენ და ბორტზე ავიდა. თუმცა იმის გამო, რომ ყველა ადგილი დაკავებული აღმოჩნდა, ის მალევე შენიშნეს და პოლიციელების თანხლებით ჩამოსვეს თვითმფრინავიდან.

სამართალდამცველებს ტურისტი არ დაუკავებიათ და მეორე დღეს ის აეროპორტში დაბრუნდა. იგივე სქემის გამოყენებით მოხვდა სტოკჰოლმის რეისზე და ამჯერად შვედეთის დედაქალაქში გაფრენაც კი მოახერხა. მაგრამ სტოკჰოლმში მან აეროპორტის თანამშრომლების ყურადღება მიიპყრო, რადგან დაუყოვნებლივ მოუნდა მიუნხენში დაბრუნება. უბილეთო მგზავრი დააკავეს და ბორტზე უკანონოდ შეღწევასა და თაღლითობაში დაადანაშაულეს. ამასთან, აღმოჩნდა, რომ მას თან ჰქონდა დანა.

ინციდენტის გამოძიებით სამართალდამცველები, აეროპორტისა და ავიაკომპანიის თანამშრომლები არიან დაკავებულები.