„მიუღებელი ძალადობის კლიმატი, განსაკუთრებით სამართალდამცველების წინააღმდეგ“ - საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აქციებზე 625 ადამიანი დააკავეს, დაშავდა 83 პოლიციელი

ლორან ნუნიესი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა სკოლის მოსწავლეთა საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოთხშაბათს ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი 356 საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეფერხდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის შეფასებით, შეინიშნება „მოძრაობის გაფართოება“ და „ძალადობის საკმაოდ სერიოზული ზრდა“, განსაკუთრებით სამართალდამცველების წინააღმდეგ და ქონების დაზიანების კუთხით.

სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ ოთხშაბათს 625 ადამიანი დააკავეს, ხოლო შიდა უსაფრთხოების ძალების 83 წარმომადგენელი დაშავდა.

პრეფექტებისადმი გაგზავნილ დეპეშაში ლორან ნუნიესმა მზარდ მობილიზაციასა და „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ინტენსიფიკაციაზე“ გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ პარასკევის შემდეგ „100-ზე მეტი პოლიციელი და ჟანდარმი დაშავდა“ და შექმნილ ვითარებას „მიუღებელი ძალადობის კლიმატი“ უწოდა.

ნუნიესის განცხადებით, სამართალდამცველები მოქმედებენ „გონივრულად, პროპორციულად და ძალის სრული კონტროლით“.

მინისტრმა პრეფექტებს თავისი მითითებები კიდევ ერთხელ შეახსენა - ბლოკირების შემთხვევაში, უსაფრთხოების ძალების ჩართვა სკოლების დირექტორებთან კოორდინაციით უნდა მოხდეს, ხოლო ძალადობის გამოვლინებისას რეაგირება „სწრაფი და მყისიერი“ უნდა იყოს.

საფრანგეთში ქვეყნის მასშტაბით სკოლებში მიმდინარე მოსწავლეების საპროტესტო აქციების გამო 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათი უმეტესობა არასრულწლოვანია. საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც პარიზში დაიწყო, გადატვირთულ კლასებს, მასწავლებლების დეფიციტსა და განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს უკავშირდება. მოსწავლეები უკვე რამდენიმე დღეა სკოლების შესასვლელებს ბლოკავენ.

✕