1757269592
მიმდინარე კვირაში ბუდაპეშტში ანდრეი სიბიგას შევხვდები, ჩვენ გვჯერა დიალოგის და ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის - პიტერ სიიარტო

მიმდინარე კვირაში ბუდაპეშტში ანდრეი სიბიგას შევხვდები. ჩვენ გვჯერა დიალოგის და ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, – ასე გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებას, სადაც სიბიგამ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სოციალურ ქსელებში კამათის ნაცვლად, შეხვედრა და ღიად საუბარი შესთავაზა.
„მიმდინარე კვირაში ბუდაპეშტში შევხვდები ანდრეი სიბიგას, რათა განვიხილოთ უნგრეთ-უკრაინის ურთიერთობები. ჩვენ გვჯერა დიალოგის და ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. თუმცა ბურთი უკრაინის მხარესაა: რეალური პროგრესი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ტრანსკარპატიაში უნგრელებისთვის ჩამორთმეული უფლებები სრულად აღდგება“, – წერს სიიარტო.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში პიტერ სიიარტოს მიმართა. „ტვიტერზე კამათის ნაცვლად, მოდი, შევხვდეთ და კონსტრუქციული დისკუსია გავმართოთ. დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია, კეთილსინდისიერად შევთანხმდეთ პრაგმატულ გადაწყვეტილებებზე, გაერთიანებულ ევროპაში ჩვენი ხალხების მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთო ინტერესების გამო“, – აღნიშნა სიბიგამ.