მეცნიერებმა გამოითვალეს, როდის გაქრება დედამიწაზე მცენარეები

მცენარეები

როდის გაქრება დედამიწაზე ბოლო მცენარე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას პლანეტარული მეცნიერების სპეციალისტები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით შეეცადნენ. მათი გათვლებით  ჩვენს პლანეტაზე ბოლო მცენარე შეიძლება 1.87 მილიარდ წელში მოკვდეს. ამ დროისთვის მზის სიკაშკაშე დაახლოებით 20%-ით გაიზრდება, რაც, სავარაუდოდ, დედამიწის მწვანე საფარს სრულად გაანადგურებს.

მცენარეები დედამიწის მთლიანი ბიომასის დაახლოებით 80%-ს შეადგენს და დღეს მათ არსებობისთვის აუცილებელი პირობები - მზის სინათლე, წყალი და ნახშირორჟანგი - საკმარისი რაოდენობით აქვთ. თუმცა, მეცნიერებს აინტერესებდათ, რამდენ ხანს შენარჩუნდება ეს გარემო. სწორედ ამიტომ, მათ სამგანზომილებიანი კლიმატური მოდელი შექმნეს, რომელმაც მომდევნო 2 მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწის სავარაუდო პირობები შეაფასა. კვლევის მთავარი ყურადღება მზის სიკაშკაშის ზრდასა და ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობის ცვლილებაზე გამახვილდა.

მოდელირებისას სპეციალისტებმა გაითვალისწინეს დედამიწის ბუნებრივი კარბონატ-სილიკატური ციკლიც. ამ პროცესის დროს ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგი თანდათან ოკეანეებში გადადის, ფსკერზე ილექება და ქანებად გარდაიქმნება, შემდეგ კი ტექტონიკური მოძრაობებისა და ვულკანური ამოფრქვევების შედეგად ისევ ატმოსფეროში ბრუნდება.  უცნობია, რამდენადაა ეს ყველაფერი ხმელეთის ტემპერატურაზე დამოკიდებული, ამიტომ მეცნიერებმა სუსტი და ძლიერი ციკლის სიმულაციები შექმნეს.

სიმულაციების ერთ-ერთ სცენარში დედამიწაზე ტემპერატურა თითქმის უცვლელი დარჩა, თუმცა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ასეთ პირობებში მცენარეებს სასიცოცხლოდ აუცილებელი ნახშირორჟანგი აღარ ეყოფათ, რის გამოც, მეცნიერების შეფასებით, ისინი დაახლოებით 1.84 მილიარდ წელში სრულად გადაშენდებიან.

მეორე, სუსტი კარბონატ-სილიკატური ციკლის მოდელში, პირიქით, ნახშირორჟანგის კონცენტრაცია პრაქტიკულად არ შეცვლილა, თუმცა დედამიწის საშუალო ტემპერატურამ 65°C-ს მიაღწია. ამ სცენარის მიხედვით, მცენარეული სიცოცხლე დაახლოებით 1.87 მილიარდ წელს გასტანს, რაც უფრო ხანგრძლივი პერიოდია, ვიდრე ამ თემაზე ჩატარებული სხვა კვლევების უმეტესობა ვარაუდობს.

თუ ეს პროგნოზი გამართლდება, დედამიწაზე ფოტოსინთეზური ბიოსფერო იმ პერიოდამდე იარსებებს, სანამ პლანეტა წყლის დაკარგვას დაიწყებს. თუმცა კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ სიმულაციებში არც მცენარეების შესაძლო ევოლუცია და არც მომავალი ტექნოლოგიური განვითარების გავლენა არ გაუთვალისწინებიათ. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, სწორედ ამ ფაქტორებმა მომავალში მცენარეთა ბედზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.