მედიის ცნობით, პოლონეთის სამხედრო ძალებმა ღამის განმავლობაში პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონები ჩამოაგდეს და სამხედრო ოპერაცია დაასრულეს

პოლონეთი

პოლონეთის სამხედრო ძალებმა ოფიციალურად დაასრულეს სამხედრო ოპერაცია. მათ ღამის განმავლობაში პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონები ჩამოაგდეს.

სამხედრო ძალებმა უსაფრთხოების მიზნით, მოქალაქეებს მოუწოდეს, თუ უცნობ ობიექტს შენიშნავენ, არ მიუახლოვდნენ და არ შეეხონ.

პოლონეთის სამხედრო ძალებში განმარტეს, რომ ოპერაციაში ნატო-სა და ჰოლანდიის თვითმფრინავები მონაწილეობდნენ. ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს.

მანამდე, პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში ქვეყნის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევაზე განაცხადეს. პოლონეთის არმიის ოპერაციული სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად მოხდა პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა დრონის ტიპის ობიექტებით“.