მედია: სერბეთში ერთ მინისტრს და კიდევ სამ პირს ბრალდება წარედგინა ტრამპის სიძესთან, კუშნერთან დაკავშირებული საინვესტიციო პროექტის დოკუმენტების გაყალბებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო - ინვესტიციაზე კუშნერმა უარი სწორედ სკანდალის შემდეგ თქვა

საბერძნეთი

სერბეთის ორგანიზებული დანაშაულის პროკურორმა, ერთ მინისტრს და კიდევ სამ პირს ბრალდება წარუდგინა თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული მდიდრული უძრავი ქონების პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტების გაყალბებისთვის. ინფორმაციას ABC News ავრცელებს.

"ორგანიზებული დანაშაულის პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, კულტურის მინისტრის, ნიკოლა სელაკოვიჩის, რომელიც ავტოკრატი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის ახლო მოკავშირეა, და კიდევ სამი თანამდებობის პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდებების წარდგენის წინადადება გამოცხადდა.

გამოძიება ბელგრადის ცენტრში დაბომბილი სამხედრო კომპლექსის ირგვლივ არსებულ დავაზეა ორიენტირებული, რომელიც დაცული კულტურული მემკვიდრეობის ზონა იყო, მაგრამ ახლა მდიდრულ კომპლექსად გარდაიქმნება." - წერს გამოცემა.

გასულ წელს, სერბეთის მთავრობამ 99-წლიანი იჯარის ხელშეკრულება გააფორმა კუშნერთან დაკავშირებულ Affinity Global Development-თან აშშ-ში, სადაც კუშნერმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მისი კომპანია 500 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის დაფინანსებას გეგმავს. პროექტის მიხედვით, აშენდება მაღალსართულიანი სასტუმრო, მდიდრული საცხოვრებელი კომპლექსი, საოფისე ფართები და მაღაზიები.

გამოცემის ინფორმაციით, სელაკოვიჩმა და სხვებმა, სავარაუდოდ, უკანონოდ მოხსნეს ძეგლს დაცული სტატუსი დოკუმენტების გაყალბებით.

ბელგრადის ცენტრში, ნატოს მიერ დაბომბილი ადგილზე მაღალსართულიანი სასტუმროს, ოფისებისა და მაღაზიების აშენების წინადადებას ვუჩიჩის მთავრობა უჭერს მხარს, თუმცა მას ექსპერტების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე, ასევე სერბეთის საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სიძე, ჯარედ კუშნერი, ტრამპის ბრენდის უძრავი ქონების დაგეგმილ გარიგებაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა. "ნიუ იორკ თაიმსის" თანახმად, ეს განცხადება, სერბეთის პროკურორების მიერ დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტთან დაკავშირებულ კორუფციის საქმეში ოთხი პირის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების შემდეგ გაკეთდა.

კუშნერის ფირმის, Affinity Partners-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია თანამშრომლობიდან იმიტომ გადის, რომ „მნიშვნელოვანი პროექტები უნდა აერთიანებდეს და არა ყოფდეს საზოგადოებას, ასევე სერბეთის მოსახლეობისა და ქალაქ ბელგრადის პატივისცემის გამო“.