მარტოხელა ჯორჯი - ამბავი გიგანტურ კუზე, რომელიც თავისი სახეობის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო

კუ ჯორჯი

კუ სახელად მარტოხელა ჯორჯი, იშვიათი ქვესახეობის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო, რომელიც წყნარ ოკეანეში მდებარე ერთ შორეულ კუნძულზე ცხოვრობდა. მისი სიკვდილის შემდეგ ეს ქვესახეობაც გადაშენდა, თუმცა მისი მემკვიდრეობა დღემდე ცოცხლობს. ამის შესახებ IFLScience წერს.

ეს უნიკალური ცხოველი წარმოშობით პინტას კუნძულიდან იყო. მიიჩნევა, რომ მისი წინაპრები მეზობელი ესპანიოლას კუნძულიდან დაახლოებით 300 ათასი წლის წინ გადავიდნენ იქ.

ათწლეულების განმავლობაში პინტას კუნძული თითქმის დაუსახლებელი იყო, თუმცა ვითარება 1959 წელს შეიცვალა, როდესაც მეთევზეებმა იქ სამი თხა გაუშვეს. კონტროლის გარეშე მათი რაოდენობა სწრაფად გაიზარდა და 1970 წლისთვის დაახლოებით 40 ათასს მიაღწია. მოგვიანებით, 1971 წელს, უნგრელი მეცნიერი იოჟეფ ვაგვოლდი კუნძულზე გაემგზავრა ნიჟარიანი არსებების, მათ შორის ლოკოკინების, შესასწავლად, თუმცა სრულიად მოულოდნელ აღმოჩენას წააწყდა, გიგანტურ კუს, რომელიც სრულიად მარტო დახეტიალობდა. მას მარტოხელა ჯორჯი შეაქვეს.

„როდესაც გააცნობიერეს, რომ განსაკუთრებულ არსებაზე წააწყდნენ, 1972 წლის გაზაფხულზე პარკის რეინჯერებმა ის ჩარლზ დარვინის კვლევით სადგურში გადაიყვანეს, სანტა-კრუსის კუნძულზე. მათ იმედი ჰქონდათ, რომ პინტას კუს მდედრს იპოვიდნენ, შესაძლოა თავად კუნძულზე ან რომელიმე ზოოპარკში, თუმცა მისი პოვნა ვერ მოხერხდა“, -  წერს IFLScience.

რატომ ეწოდა მას სწორედ ეს სახელი, ზუსტად არ არის ცნობილი. ზოგი ფიქრობს, რომ ის წმინდა გიორგის პატივსაცემად დაარქვეს, სხვები კი ამბობენ, რომ სახელი ამერიკელი კომიკოსის, ჯორჯ გობელისგან მოდის, რომელიც ცნობილია ზედმეტი სახელით „მარტოხელა ჯორჯი“.

„წლების განმავლობაში მეცნიერები მას სხვადასხვა ქვესახეობის კუებს აცნობდნენ, რომლებიც, მათი აზრით, გენეტიკურად ახლოს იყვნენ და შესაძლოა შეწყვილებაც შეძლებოდათ. მათ შორის იყვნენ ორი კუ ესპანიოლას კუნძულიდან, თუმცა მარტოხელა ჯორჯს შთამომავლობა არასდროს ჰყოლია“, - აღნიშნავს გამოცემა.

2012 წლის 24 ივნისის დილით მარტოხელა ჯორჯი გალაპაგოსის ეროვნულ პარკში გარდაიცვალა, 100 წელზე მეტი ასაკის. ერთ-ერთი უკანასკნელი ადამიანი, ვინც ის მოინახულა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნატურალისტი  დევიდ ატენბორო იყო. მისმა გადამღებმა ჯგუფმა კუ კამერაზე მისი სიკვდილამდე 14 დღით ადრე გადაიღო.