1747174002
მარკო რუბიო სტამბოლში ზელენსკისა და პუტინის მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სტამბოლში გაემგზავრება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ხუთშაბათს დაგეგმილი შესაძლო მოლაპარაკებებისთვის.
„დაუღალავად ვმუშაობ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი სისხლის ღვრის დასასრულებლად. რაც მნიშვნელოვანია, ამ კვირის ბოლოს, სავარაუდოდ, ხუთშაბათს, თურქეთში გაიმართება მოლაპარაკებები, რომლებსაც შეუძლია, საკმაოდ კარგი შედეგები მოიტანოს. ჩვენი ხალხი, მარკო რუბიო, სხვებიც იქ გაემგზავრებიან და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამის დასრულება“, – აღნიშნა ტრამპმა.
მანამდე, „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებზე გაემგზავრებიან. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. ამასთან, ტრამპმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, სტამბოლში მოლაპარაკებების დღეს პირადად ჩავიდეს.