1760793040
მარკ რუტე აცხადებს, რომ მხარს უჭერს დონალდ ტრამპის პოზიციას, რომლის თანახმად, NATO-მ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები

NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციას, რომლის თანახმად, NATO-მ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აფასებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ მათი საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში, NATO-მ უნდა ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები, რუტემ უპასუხა, რომ სრულიად ეთანხმება ტრამპს.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსის სამხედროებს რუსეთის მიერ დარღვევებზე რეაგირების კუთხით ათწლეულების გამოცდილება აქვთ.
„ეს ნიშნავს, რომ პილოტები და სამხედრო პერსონალი მუდმივად აფასებენ საფრთხეებს და საჭიროების შემთხვევაში, სულ მცირე, ამ თვითმფრინავებს ალიანსის ტერიტორიიდან გაიყვანენ. მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ასევე მეტს გავაკეთებთ და უკიდურეს ზომებს მივიღებთ ჩვენი მოსახლეობის დასაცავად“, – განაცხადა რუტემ.
ამასთან, მარკ რუტე გამოეხმაურა დიმიტრი პესკოვის განცხადებას, რომ რუსეთი არ არის „ქაღალდის ვეფხვი“, როგორც მას დონალდ ტრამპი უწოდებდა.
„თუ შენ არ ხარ „ქაღალდის ვეფხვი“, არამედ ნამდვილი დათვი, მაშინ ამის გამოცხადება არ გჭირდება“, – განაცხადა რუტემ და აღნიშნა, რომ მსგავს განცხადებას რუსეთის სისუსტედ მიიჩნევს.