მაკრონმა უარყო უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ფრანგული სპეცსამსახურები ქვეყნის სამხრეთზე რუსული დრონების შესაძლო შეტევის შესახებ გააფრთხილა

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უარყო უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) ფრანგული სპეცსამსახურები ქვეყნის სამხრეთზე რუსული დრონების შესაძლო შეტევის შესახებ გააფრთხილა.

„ჩვენ შეგვიძლია ეს ინფორმაცია უარვყოთ. CIA-ს ფრანგული დაზვერვისთვის მსგავსი ცნობები არ მიუწოდებია“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მიუხედავად ამისა, მაკრონმა აღნიშნა, რომ საერთო ვითარება სერიოზულად იძაბება, რაც შეშფოთების საბაბს იძლევა როგორც უკრაინისთვის, ისე ევროპელებისთვის.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა რუსეთს საფრანგეთის მიმართულებით შეიარაღებული დრონის გამოგზავნა, პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა: „პასუხია - დიახ“.

მან განმარტა, რომ ეს შესაძლოა ჰგავდეს აგვისტოს დასაწყისში ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონით თავდასხმის მცდელობას.

„რუსეთი მიიჩნევს, რომ ევროპა უკრაინის სტრატეგიული ზურგია“, - დასძინა ემანუელ მაკრონმა.

✕