მაკრონი: არიან ადამიანები, რომლებიც პუტინს ელაპარაკებიან, ევროპელები და უკრაინელები ვართ დაინტერესებული, ვიპოვოთ ჩარჩო ამ დისკუსიაში ჩასართველად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთმანეთთან ვსაუბრობთ

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დიალოგის განახლება სასარგებლო იქნება.

მისი თქმით, ევროპელები და უკრაინელები დაინტერესებული არიან, იპოვონ სწორი ჩარჩო ამ დისკუსიაში სათანადოდ ჩასართველად.

„ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინთან საუბარი სასარგებლო იქნება. დიახ, ვხედავ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ვლადიმერ პუტინს ელაპარაკებიან, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ, ევროპელები და უკრაინელები, დაინტერესებული ვართ, ვიპოვოთ სწორი ჩარჩო ამ დისკუსიაში სათანადოდ ჩასართველად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ერთმანეთთან ვსაუბრობთ, მომლაპარაკებლებთან, რომლებიც მარტო მოქმედებენ. რუსებთან განხილვა იდეალური ვარიანტი არ არის“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მაკრონის თქმით, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინას მომდევნო ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გამოუყონ, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

„ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული“, – განაცხადა მაკრონმა.