კიტ კელოგი: ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და პოლონეთმა უკრაინაში, დნეპრის დასავლეთით სამხედროები უნდა განალაგონ

კიტ კელოგი

აშშ განიხილავს გეგმას, რომლის თანახმადაც უკრაინაში, მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და პოლონეთმა საკუთარი სამხედროები უნდა განათავსონ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა.

კელოგის განცხადებით, აღნიშნული ქვეყნების სამხედროებმა რუსეთთან დადებული ზავის მონიტორინგი უნდა განახორციელონ.

„საუბარია მდგრადობის ძალებზე, რომელსაც E3 ეწოდება, ხოლო ახლა ეს E4, რადგან დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას პოლონეთიც შეუერთდა. ეს ძალები მდინარე დნეპრის დასავლეთით განლაგდება, კონფლიქტის ზონიდან შორს. აღმოსავლეთით სამშვიდობო კონტინგენტის განლაგება იგეგმება. ეს მესამე მხარის მონაწილეობას გულისხმობს, რომელსაც ცეცხლის შეწყვეტის ფაქტობრივი მონიტორინგი შეეძლება“, - აღნიშნა კელოგმა.

მისი თქმით, აშშ-ს აქვს შედგენილი იმ თემების სია, რომელიც რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უნდა განიხილონ.

„ჩვენ ის პარიზში, ხოლო შემდეგ ლონდონში განვიხილეთ. თუ ჩვენ ამის რეალიზებას მოვახდენთ, მშვიდობა შესაძლებელი იქნება“, - დასძინა ტრამპის სპეცწარმომადგენელმა.

კელოგმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სტამბოლში 15 მაისს გასამართ მოლაპარაკებებზე ცეცხლის ყოვლისმომცველი (ჰაერში, ზღვაზე, ხმელეთზე და ინფრასტრუქტურაზე) შეწყვეტა განიხილება. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის ოლქები და ყირიმის ნახევარკუნძული იქნება.

გარდა ამისა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი აღნიშნავს, მხარეები სტამბოლში ფრონტის ხაზის გაყინვას, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და გატაცებულ უკრაინელ ბავშვებს განიხილავენ.

ამასთან ერთად, კელოგმა თქვა, რომ ნატოში უკრაინის წევრობა „შესაძლოა, ოდესმე, მომავალში, მაგრამ არა ახლა“.