კამზან კადიროვი აცხადებს, რომ გროზნოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზარმებს უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს

გროზნო

ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზარმებს უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს. ინფორმაციას ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

კადიროვის თქმით, დრონი ჰაერში ჩამოაგდეს, შედეგად ის აფეთქდა და დააზიანა შენობის სახურავი და გამოიწვია ხანძარი.

„სერიოზულად არავინ დაშავებულა. მსუბუქად დაიჭრა ყარაულში მყოფი ოთხი მებრძოლი. მორიგეობაზე მყოფი პირადი შემადგენლობა ამ დროს მსგავსი თავდასხმებისგან დაცულ შენობაში იმყოფებოდა“, – ამტკიცებს კადიროვი.

ცნობისთვის, ეს უკვე მეორე მსგავსი თავდასხმაა ჩეჩნეთში, როდესაც სამიზნე ახმატ კადიროვის სახელობის პოლიციის სპეციალური ლეგიონია. ანალოგიური თავდასხმა მოხდა 4 დეკემბერსაც. მაშინა დაზიანდა იმ შენობის სახურავი, სადაც აღნიშნული ლეგიონის წევრები იმყოფებოდნენ. პირველად ჩეჩნეთზე უპილოტოების თავდასხმა სექტემბერში განხორციელდა. მაშინ სამიზნე იყო რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტი.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ 11 დეკემბრის ღამეს რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა 16 დრონი ჩამოაგდეს. მათ შორის ერთი ჩეჩნეთში და სამი ჩრდილოეთ ოსეთში. კიდევ 4 უპილოტო ჩამოაგდეს კურსკის ოლქში, ხოლო 8 დრონი განადგურებულია რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში.