პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1757430987
ჩვენი გზავნილი რუსეთისთვის მარტივია, ამ ომის მოგება შეუძლებელია, დატოვეთ ბრძოლის ველი და დაიწყეთ მოლაპარაკებები უკრაინასთან, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირს არ აქვს მეტი არჩევანი, გარდა რუსეთზე ზეწოლის გაზრდისა და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა.
როგორც კალასმა აღნიშნა, მეტი ზეწოლა რუსეთზე გულისხმობს სანქციების გაფართოებას და უკვე არსებული შეზღუდვებისთვის თავის არიდების აღკვეთას.
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს და ამავე საკითხზე პარტნიორებთან კოორდინაცია მიმდინარეობს.
„ჩვენი გზავნილი პუტინისადმი მარტივია. ამ ომის მოგება შეუძლებელია. დატოვეთ ბრძოლის ველი და მოდით უკრაინასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან. ეს როდესაც მოხდება, რუსეთს არ უნდა მიეცეს გადაიარაღებისა და ხელახლა თავდასხმის უფლება. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ და პუტინმა არ დამალა, რომ უკრაინა მხოლოდ დასაწყისია. პუტინს სურს, აღადგინოს რუსეთის 1991-წლამდელი საბჭოთა გავლენის სფეროები“, – განაცხადა კაია კალასმა.
მისივე თქმით, დასავლეთი ახლა გაერთიანებულია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფისთვის.
კალასის განცხადებით „მსურველთა კოალიციამ“ უკვე წარადგინა ამ კუთხით სერიოზული წინადადებები, რასაც, მისივე თქმით, პუტინის რეაგირებაც მოჰყვა.
„პუტინი დაემუქრა თავდასხმით დასავლეთის ნებისმიერ სამხედრო წარმომადგენლობას უკრაინაში, მათ შორის მშვიდობისმყოფელებს. ეს სერიოზული ესკალაციაა რუსეთის მხრიდან და ძირს უთხრის ევროპულ უსაფრთხოებას. რუსეთს არავინ ეკითხება, როგორ დავიცავთ ჩვენს თავს“, – განაცხადა კაია კალასმა.
კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ 2027 წლისთვის ევროკავშირი რუსეთისგან ნავთობსა და ბუნებრივ აირის აღარ შეისყიდის.