ვინ არის რესტორანში მოკლული მამაკაცი - რას აცხადებენ შსს-ში
1752839533
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ დამტკიცებული სანქციების მე-18 პაკეტი ერთ-ერთი უმკაცრესია, რაც აქამდე რუსეთის წინააღმდეგ მიუღიათ.
კაია კალასის ინფორმაციით, სანქციები ეხება „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებს, მცირდება ნავთობის ფასის ზედა ზღვარი, იზრდება ზეწოლა რუსეთის საბანკო სფეროსა და თავდაცვის ინდუსტრიაზე, ასევე ჩინურ ბანკებზე.
„ჩვენ მტკიცედ ვდგავართ. ევროკავშირმა ახლახან დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ აქამდე მიღებული სანქციების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პაკეტი. ჩვენ კიდევ უფრო ვამცირებთ კრემლის საომარ ბიუჯეტს, სამიზნეში გვყავს ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 105 ხომალდი, ვზღუდავთ რუსული ბანკების წვდომას დაფინანსებაზე „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენები აიკრძალება. ნავთობის ფასის ზედა ზღვარი მცირდება. ჩვენ ვზრდით ზეწოლას რუსეთის სამხედრო ინდუსტრიაზე, ჩინურ ბანკებზე, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციების გვერდის ავლას და ვბლოკავთ ტექნოლოგიების ექსპორტს, რომლებიც დრონებში გამოიყენება.
პირველად სანქციები დაუწესდა საზღვაო რეესტრს და „როსნეფტის“ უმსხვილეს გადამამუშავებელ ობიექტს ინდოეთში. ჩვენი სანქციები ასევე ურტყამს მათ, ვინც დაკავებულია უკრაინელი ბავშვების ინდოქტრინაციით. ჩვენ გავაგრძელებთ საფასურის გაზრდას, ამიტომ აგრესიის დასრულება მოსკოვისთვის ერთადერთი გამოსავალი რჩება“, – წერს კაია კალასი.
ამასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობის ფასის ზედა ზღვრის შემცირება სანქციების მე-18 პაკეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. აღნიშნული ზომა რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასის ზედა ზღვრის 60 დოლარიდან 47,60 დოლარამდე შემცირებას ითვალისწინებს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცახნას განცხადებით, სანქციების ახალი პაკეტი აჩვენებს, რომ ევროპა რჩება დაუღალავი და მტკიცე.