1747217904
ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ რუსეთისგან ელოდება სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, როგორც მშვიდობისკენ მზადყოფნის კონკრეტულ სიგნალს

იტალიის პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ რუსეთი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. იტალიის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან უკრაინასა და რუსეთს შორის 15 მაისს დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ.
„თურქეთის მზადყოფნის გათვალისწინებით, უმასპინძლოს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს სტამბოლში, ლიდერებმა განიხილეს დიპლომატიური პერსპექტივები და დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინაში სამართლიანი და მყარი მშვიდობის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჯორჯია მელონიმ მადლობა გადაუხადა ერდოღანს უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულების გადაწყვეტილებების ძიებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის. ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთისგან ელოდება „დადებით პასუხს უმაღლესი დონის მოლაპარაკებებზე მიწვევაზე და სრული და უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მიღებას, როგორც მშვიდობისკენ მზადყოფნის კონკრეტულ სიგნალს“.
შეგახსენებთ, სტამბოლში, 15 მაისს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებია დაგეგმილი. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩავა რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებზე. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დაესწრება, ასევე „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებზე გაემგზავრებიან. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. ამასთან, ტრამპმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, სტამბოლში მოლაპარაკებების დღეს პირადად ჩავიდეს.