ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა - ცნობილია საუბრის შინაარსი

ზელენსკი ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. თეთრი სახლის პრესსპიკერი ამბობს, რომ ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის დროს, კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის განგრძობადი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბარი შეეხო ბაიდენ-ზელენსკის შეხვედრასაც, რომელიც რომში უნდა გამართულიყო, თუმცა კალიფორნიაში არსებული ვითარების გამო ჩაიშალა.

"პრეზიდენტი ბაიდენი რამდენიმე წუთის წინ ესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკის. პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ გამოხატა ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, როგორც ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში იყო.

რეალურად, პრეზიდენტს ჰქონდა სურვილი, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედროდა, ეს ასეც უნდა ყოფილიყო. შეხვედრა რომში დაიგეგმა, მაგრამ სამწუხაროდ, შეხვედრა ვერ შედგა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენების გამო – როგორც იცით, სტიქია მძვინვარებს კალიფორნიაში", - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან პიერიმ.