ჯეიმს ვების ტელესკოპმა ურანის უცნობი მთვარე აღმოაჩინა

ვების ტელესკოპი

ურანის 29-ე მთვარე აღმოჩენილია.

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ყინულოვანი პლანეტის რგოლებს მიღმა პატარა ციური სხეული შენიშნა, რომელიც აქამდე არავის უნახავს. მისი დაფიქსირება Voyager 2-მაც კი ვერ შეძლო 1986 წელს, როცა ურანთან ახლო მანძილზე გაიარა.

აქამდე უცნობი ობიექტი ურანის ყველაზე პატარა 29-ე მთვარე აღმოჩნდა.

ამ მთვარის დიამეტრი დაახლოებით 10 კილომეტრია, ხოლო ორბიტალური პერიოდი - 9.6 საათი.

„ამდენი პატარა მთვარე არცერთ სხვა პლანეტას არ აქვს. მათი და რგოლების რთული ურთიერთკავშირი ურანის ქაოსურ ისტორიაზე მიუთითებს. ახალი მთვარე ურანის სხვა თანამგზავრებთან შედარებით გაცილებით უფრო პატარა და მკრთალია", - ამბობს ასტრონომი მეთიუ ტისკარენო SETI-ს ინსტიტუტიდან. 

ეს პატარა მთვარე ვების ტელესკოპის ახლო ინფრაწითელმა კამერამ (NIRCam) 2025 წლის 2 თებერვალს დააფიქსირა. ტელესკოპი 6 საათზე მეტხანს აკვირდებოდა პლანეტასა და მის გარემომცველ არეალს.

ობიექტს S/2025 U1 აღნიშვნა მიანიჭეს. იგი პლანეტის ცენტრიდან 56 250 კილომეტრის დაშორებით ბრუნავს, 13 სხვა პატარა მთვარეს შორის. მისი ორბიტა ორ მთვარეს, ოფელიასა და ბიანკას, შორისაა მოქცეული და თითქმის წრიულია.

ახლად აღმოჩენილი მთვარისთვის სახელი ჯერჯერობით არ მიუნიჭებიათ. ურანის სხვა თანამგზავრებს უილიამ შექსპირის ან ალექსანდრე პოუპის პერსონაჟების სახელები დაარქვეს. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდება.