ისრაელმა ბეირუთის მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს

ლიბანი

ისრაელი ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის მოსახლეობას აფრთხილებს, ქალაქის სამხრეთ გარეუბნები, მათ შორის დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები დატოვონ.

ამასთან, ისრაელის სამხედრო წარმომადგენელმა, ავიჩაი ადრაიმ ქალაქის სამხრეთ გარეუბნების მოსახლეობას მოუწოდა დაუყოვნებლივ აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით გადაადგილდნენ. მისი თქმით, ისრაელი აღნიშნულ ტერიტორიაზე დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ობიექტების დაბომბვას გეგმავს.

„გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე, დაუყოვნებლივ დატოვეთ თქვენი სახლები“, – დაწერა ისრაელის სამხედრო წარმომადგენელმა, ავიჩაი ადრაიმ, X-ზე და აღნიშნა, რომ სამხრეთისკენ ნებისმიერმა მოძრაობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ სიცოცხლეს.

ამასთან, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროც ცნობით, ლიბანზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 102-ს შეადგენს. მათივე ინფორმაციით, იერიშების დაწყების შემდეგ სხეულის სხვადასხვა დაზიანება სულ მცირე 638 ადამიანმა მიიღო.