ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ პალესტინელებმა მძევლები ღაზას სექტორში გადაიყვანეს

ისრაელი

ისრაელის თავდაცვის ძალები ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან, მძევლების აყვანასა და მათი ღაზას სექტორში გადაყვანას ადასტურებს. ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერი დანიელ ჰაგარი ადასტურებს ისრაელის ჯარისკაცების დაღუპვასაც, თუმცა არც დაღუპულების და არც მძევლების რაოდენობა მას არ დაუკონკრეტებია.

ჰაგარის თქმით, სამხრეთ ისრაელში 22 ადგილას მიმდინარეობს ბრძოლა. მისი ინფორმაციით, ისრაელის ჯარებმა მიაღწიეს ღაზას საზღვრის ყველა ქალაქს -  "ოთხი დივიზია განლაგებულია ღაზას საზღვართან და უერთდება 31 ბატალიონს, რომლებიც უკვე იქ არიან" - ამბობს ჰაგარი.

ცნობისთვის, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით ისრაელის მხარეს დაღუპულია 100 და დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი, ხოლო პალესტინისკენ დაღუპულია 198 და დაშავებულია 1 610.