ისრაელის მთავრობამ საერთო უშიშროების სამსახურის უფროსი გადააყენა

რონენ ბარი

ისრაელის მთავრობამ კენჭისყრის შედეგად ქვეყნის საერთო უშიშროების სამსახურის უფროსი, რონენ ბარი თანამდებობიდან გადააყენა. ეს ისრაელის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ სამსახურის უფროსი თანამდებობიდან მთავრობამ გადააყენა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

რონენ ბარი თანამდებობაზე 10 აპრილამდე დარჩება, ვიდრე ამ სამსახურის ახალ უფროსს არ დანიშნავენ.

როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ბარის მიმართ არსებული უნდობლობაა, რომელიც ომის პირობებში ძალზე მნიშვნელოვანია.

თავად უშიშროების სამსახურის უფროსი მთავრობის სხდომას არ ესწრებოდა. მან მთავრობას წერილი გაუგზავნა, სადაც წერია, რომ ეს გადაწყვეტილება ისრაელის უზენაეს სასამართლოში იქნება გასაჩივრებული.

ნეთანიაჰუსა და ბარს შორის ამჟამად დაძაბული ურთიერთობებია. ის გამწვავდა გამოძიების ფონზე, თუ რა გახდა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის მიზეზი. მაშინ ტერაქტს 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 250 ტერორისტულმა დაჯგუფებამ მძევლად აიყვანა.

ნეთანიაჰუს ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ის ბარის ნაცვლად თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას დანიშნავს, რომელიც პრემიერ-მინისტრის კრიტიკას შეწყვეტს.