ისრაელი გაერო-სგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ გაიწვიოს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიში, რომელშიც ღაზის ცალკეულ რაიონებში დაფიქსირებულ მასობრივ შიმშილზეა საუბარი

ისრაელი გაერო

ისრაელი გაერო-სგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ გაიწვიოს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიში, რომელშიც ღაზის სექტორის ცალკეულ რაიონებში დაფიქსირებულ მასობრივ შიმშილზეა საუბარი.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა ედენ ბარ-ტალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გაერო-ს ის უწყება, რომელმაც ანგარიში მოამზადა, „პოლიტიზებულია“ და მოქმედებს „სასტიკი ტერორისტული ორგანიზაციის“ ინტერესებით.

მისივე თქმით, თუ ორგანიზაცია ისრაელის ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ისრაელი გამოაქვეყნებს მტკიცებულებებს „გაყალბებული“ დოკუმენტის შედგენისას დაშვებული დარღვევების შესახებ.

22 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც შედგენილი იყო IPC-ის (ინტეგრირებული საკვების უსაფრთხოების ფაზების კლასიფიკაცია) გლობალური ინიციატივის ფარგლებში, აღნიშნული იყო, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მდებარე პროვინციაში ვითარება კატასტროფულია და უახლოეს კვირებში ეს კრიზისი შესაძლოა, დეირ ალ-ბალახისა და ხან იუნისის პროვინციებზეც გავრცელდეს.

ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბინიამინ ნეთანიაჰუმ დოკუმენტში მოყვანილ მონაცემებს „ტყუილი“ უწოდა, ხოლო ქვეყნის საგარეო უწყებამ გაერო დაადანაშაულა იმაში, რომ მასთან დაკავშირებული ექსპერტთა ჯგუფი თავიანთ ანგარიშში ეყრდნობა „ჰამასის“ სიცრუეს“.

IPC-ის კრიტერიუმების მიხედვით, შიმშილი ითვლება ისეთ მდგომარეობად, როდესაც ყოველდღიურად 10 ათას მოსახლეზე მინიმუმ ორი ადამიანი კვდება არასაკმარისი კვებისა ან ამასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად, აგრეთვე როდესაც ყველა ხუთ წლამდე ასაკის ბავშვის მინიმუმ 30% იტანჯება მწვავე არასაკმარისი კვებით და ყოველი მეხუთე ოჯახი განიცდის საკვების მწვავე დეფიციტს.