გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი
1735210931
ირანში დააკავეს სტუდენტი გოგონა, რომელმაც უნივერსიტეტის კამპუსში ტანსაცმელი გაიხადა. სტუდენტმა პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სასწავლებლის დაცვამ ჰიჯაბის არასწორად ტარებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
ირანის კანონმდებლობით, საზოგადოებრივ ადგილებში ქალებისთვის ჰიჯაბის ტარება სავალდებულოა.
სტუდენტი გოგონას ვიდეოკადრები თავდაპირველად გამოქვეყნდა სტუდენტურ სოციალურ მედიაარხზე „ამირ ქაბირის საინფორმაციო ბიულეტენი“, შემდეგ კი გაავრცელა სხვადასხვა მედიასაშუალებამ, მათ შორის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Hengaw-მ, Iran Wire-მა და Amnesty International-მა. კადრები, სავარაუდოდ, მეზობელი შენობიდან არის გადაღებული.
ამასთან, გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ჩასვეს სტუდენტი გოგონა მანქანაში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა და წაიყვანეს. „ამირ ქაბირის საინფორმაციო ბიულეტენის“ ინფორმაციით, დაკავებისას გოგონას სცემეს.
„ირანის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს სტუდენტი, რომელიც ძალადობრივად დააკავეს მას შემდეგ, რაც მან პროტესტის ნიშნად გაიხადა ტანსაცმელი“, – განაცხადა Amnesty International-მა.
ლონდონში დაფუძნებულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, რომელიც წლების განმავლობაში აღრიცხავს ირანის ციხეებში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს, აღნიშნა, რომ გოგონას გათავისუფლებამდე აუცილებელია, ხელისუფლებამ დაიცვას ის წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობისგან, უზრუნველყოს ოჯახსა და ადვოკატთან შეხვედრა.
ირანის საინფორმაციო სააგენტომ დაადასტურა ინციდენტი და გამოაქვეყნა სტუდენტის დაბლარული ფოტო. მათი ინფორმაციით, სტუდენტს ეცვა „შეუფერებელი ტანსაცმელი“ და „გაიხადა“ მას შემდეგ, რაც დაცვის თანამშრომლებმა გააფრთხილეს ჩაცმულობის წესების დაცვის შესახებ. სააგენტოს ცნობით, დაცვის თანამშრომლები „მშვიდად ესაუბრნენ“ სტუდენტს და უარყოფილია ინფორმაცია აგრესიული ქმედების შესახებ.