1769540049
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაშია, რათა დაუყოვნებლივ და მძლავრად უპასუხონ ნებისმიერ აგრესიას
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაშია, რათა „დაუყოვნებლივ და მძლავრად“ უპასუხოს ნებისმიერ აგრესიას ირანის ტერიტორიის, საჰაერო სივრცისა თუ წყლების წინააღმდეგ.
„ჩვენი მამაცი შეიარაღებული ძალები მზადყოფნაშია - თითი სასხლეტზე აქვთ - რათა დაუყოვნებლივ და მძლავრად უპასუხონ ნებისმიერ აგრესიას ჩვენი საყვარელი მიწის, ცისა და ზღვის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს განცხადება იყო პასუხი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან გაჟღერებულ მუქარებზე.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი იგივე ბედს გაიზიარებს, რასაც ვენესუელა, თუ სწრაფად არ დათანხმდება გარიგებას და ბირთვულ იარაღზე უარს არ იტყვის.











