ირანის გარშემო მზარდი დაძაბულობის ფონზე, შტატებმა ბეირუთში მდებარე საელჩოს ნაწილობრივი ევაკუაცია განახორციელა

ბეირუთ

აშშ-ის მთავრობამ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მდებარე საელჩოს ნაწილობრივი ევაკუაცია უბრძანა. BBC-ი, სახელმწიფო დეპარტამენტის წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ მიიღეს.

ეს გადაწყვეტილება რეგიონში დაძაბულობის ზრდის ფონზე მიიღეს, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებით იმუქრება, თუ ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება არ შედგება.

"ჩვენ მუდმივად ვაფასებთ უსაფრთხოების გარემოს და ჩვენი უახლესი ანალიზის საფუძველზე, გადავწყვიტეთ, რომ გონივრულია საელჩოს თანამშრომლების შემცირება და იქ მხოლოდ ძირითადი პერსონალი დარჩება",- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა

ირანმა ადრე განაცხადა, რომ, აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში, საპასუხო ზომებს მიიღებდა, ხოლო ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზები და ობიექტები მათი ლეგიტიმური სამიზნე იქნებოდა.

ამასთან, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ისრაელში დაგეგმილი ვიზიტი მიზეზის დასახელების გარეშე გადადო.