ინტერნეტში მოქმედებების ნახევარს ბოტები ასრულებს - გლობალური კვლევის შედეგები

კკ

ხალი მოხსენების თანახმად, 2023 წელს ინტერნეტში დაფიქსირებული მთლიანი ტრაფიკის ნახევარი ბოტებმა წარმოქმნა, ხოლო მესამედი კი - მავნე ბოტებმა.

ტრაფიკი ინფორმაციის ნაკადია, რომელიც ინტერნეტში გადაადგილდება — მონაცემები, რომლებიც მობილურებსა თუ კომპიუტერებს შორის მოძრაობს.

ბოტი ერთგვარი პროგრამაა, რომელიც ინტერნეტში სხვადასხვა ქმედებას ავტომატურად ასრულებს. ეს შეიძლება უწყინარი რამ იყოს, თუნდაც შეტყობინებებზე პასუხის გაცემა, თუმცა ზოგიერთი ბოტი საზიანო მიზნებს ემსახურება, იქნება ეს: ანგარიშების მითვისება, ვებიდან მონაცემების ამოღება, სპამ შეტყობინებების გავრცელება, მომსახურების დაბლოკვა თუ სხვა. ისინი სხვადასხვა ონლაინსერვისის მუშაობას აფერხებს და ბიზნესებს აიძულებს, კლიენტების მხარდაჭერისა და ინტერნეტ ინფრასტრუქტურის კუთხით მეტი ფინანსური რესურსი გაიღონ.

კომპანია Impreva-მ უახლესი მოხსენება, 2024 Imperva Bad Bot Report, გამოაქვეყნა. ფირმამ ინტერნეტის მთლიან ტრაფიკში მავნე ბოტების წილი იკვლია. დადგინდა, რომ 2023 წელს ამ მაჩვენებელმა 32%-ს მიაღწია, როცა 2022-ში 30.2% იყო. ადამიანური ტრაფიკი ამ პერიოდში 50.4%-ამდე შემცირდა.

ბოტების მომრავლების ტენდენცია
Imperva-მ ავტომატური ტრაფიკისთვის თვალის დევნება დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო. ბოტების მიერ წარმოქმნილი ნაკადის წილი მთლიან ტრაფიკში ყოველწლიურად იზრდება. დღეს უკვე მთლიანი ტრაფიკის 49.6%-ია ბოტების მიერ გენერირებული და ეს მაჩვენებელი ყოველ წელს 2%-ით იზრდება.

„ბოტები ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და მზარდი საფრთხეა ყველა ინდუსტრიისათვის", - აცხადებს ნანი სინგჰი, Imperva-ს აპლიკაციების უსაფრთხოების გენერალური მენეჯერი - „ორგანიზაციებმა პროაქტიულად უნდა იმოქმედონ მავნე ბოტების საფრთხეებზე საპასუხოდ, რადგან თავდამსხმელები მეტად არიან ფოკუსირებულნი API-სთან დაკავშირებულ ექსპლუატაციაზე, რომლებმაც შეიძლება, ანგარიშებს საფრთხე შეუქმნას ან მონაცემების ექსფილტრაციამდე მიგვიყვანოს".

გასულ წელს მავნე ბოტების მიერ წარმოქმნილი ტრაფიკის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი, 71%, ირლანდიაში დაფიქსირდა. შემდეგ მას გერმანია (67.5%) და მექსიკა (42.8%) მოსდევს.

როგორც სინგჰმა აღნიშნა, მავნე ბოტები ყველა ინდუსტრიას უქმნის საფრთხეს. ტრაფიკში მავნე ბოტების წილი ყველაზე მეტი, 57.2%, გეიმინგის სფეროში დააფიქსირეს. საცალო გაყიდვებში (24.4%), მგზავრობის ინდუსტრიასა (20,7%) და ფინანსურ სერვისებში (15,7%) ყველაზე ხშირი იყო ბოტების თავდასხმები.

გამოდის, თანამედროვე ინტერნეტი უსაფრთხოების კუთხით არაერთი გამოწვევის წინაშე გვაყენებს. თუ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გაინტერესებთ და ციფრულ სამყაროში თავის უკეთ დაცვა გსურთ, ამ ბმულზე ჩვენს სხვა სტატიებსაც გაეცნობით.