შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1756217365
ისრაელში პატარა განსაკუთრებული მონეტა იპოვეს, რომელიც ეგვიპტის მეფის, პტოლემე III-ის მეუღლეს — დედოფალ ბერენიკა II-ს - ეკუთვნოდა. ეს პირველი ოქროს მონეტაა, რომელიც ეგვიპტის გარეთ აღმოაჩინეს.
ნივთი ისრაელის სიძველეთა სამმართველომ გივათის ავტოსადგომის გათხრებისას ნახა. სუფთა ოქროსგან დამზადებული ეს მცირე ზომის მონეტა საკმაოდ იშვიათი ნივთია. კერძოდ, მთელ მსოფლიოში მისი მსგავსი მხოლოდ 20 არსებობს. არქეოლოგებზე დიდი გავლენა მოახდინა მისმა აღმოჩენამ, არამხოლოდ იმიტომ, რომ იშვიათია, არამედ იმიტომაც, რომ მის წინა მხარეს დედოფალია გამოსახული.
„ეს მის ძალაუფლებას უსვამს ხაზს", - აცხადებს დოქტორი რობერტ ქული, ისრაელის სიძველეთა სამმართველოს ნუმიზმატიკის განყოფილების ხელმძღვანელი.
მონეტის წყალობით შეგვიძლია, ძვ. წ. III საუკუნის იერუსალიმზე განსხვავებული წარმოდგენა შევიქმნათ. ის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი იყო, რომელსაც გარე სამყაროსთან ეკონომიკური კავშირები ჰქონდა.
„დავინახე, რომ რაღაც ბზინავდა და მივხვდი, რომ ოქროს მონეტა იყო. თავიდან არ მჯეროდა. უკვე ორი წელია გათხრებში ვმონაწილეობ და ჩემს მომენტს ველოდები. ის კი ახლა დადგა", — თქვა არქეოლოგმა რივკა ლანგლერმა, რომელმაც მონეტა აღმოაჩინა.
მონეტა ძვ. წ. 246–241 წლებით თარიღდება. ის ალექსანდრიაში იყო მოჭრილი და შესაძლოა, სირიის მესამე ომში მონაწილე ჯარისკაცებზე პრემიის სახით გასცემდნენ. ელინისტური მმართველის მონეტაზე გამოსახული მეუღლე, დედოფალი ბერენიკა II, პოლიტიკური ძალაუფლების სახედ იქცა.
მონეტის ერთ მხარეს გამოსახულია დედოფალი დიადემით, ვუალითა და ყელსაბამით. მეორე მხარეს კი სიუხვის რქას ვხედავთ, რომელიც ვარსკვლავებითაა გარშემორტყმული.
ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ პტოლემე I-მა ბერენიკეს მამას, მაგასს, თანამედროვე ლიბიის რეგიონი, კირენაიკა, მემკვიდრეობით დაუტოვა. პტოლემეს მმართველობის დროს მონეტებს მისი გამოსახულებითაც ჭრიდნენ.
როგორც ვიცით, ბერენიკა II-ს განსაკუთრებული ცხოვრება ჰქონდა. ის დედოფალი იყო, რომელსაც ქალღმერთივით სცემდნენ თაყვანს. მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ მონეტაზე დატანილი იშვიათი წარწერა (ბერენიკა) მის ძალაუფლებას უსვამს ხაზს. მიუხედავად ამისა, მან რთული გზა გაიარა. მისი დაგეგმილი ქორწინება დემეტრიოს ლამაზთან ღალატის გამო ჩაიშალა. ბოლოს ის ცოლად ნახევრად ბიძაშვილ პტოლემე III-ს გაჰყვა, რათა მისი ძალაუფლება განემტკიცებინა. საბოლოოდ, ბერენიკა საკუთარ სასახლეში მოკლეს.
ბერენიკა II მონეტაზე შესაძლოა მამის მეფობის დროსაც გამოესახათ. ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როცა პტოლემეელი დედოფალი მონეტაზე ამ ტიტულით საკუთარ სიცოცხლეში გამოჩნდა. გარდა ამისა, წარწერაზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ის უბრალოდ დედოფალი კი არა, თითქმის მეფესთან გათანაბრებული პიროვნება უნდა ყოფილიყო.