გრენლანდიის პრემიერი: ჩვენ მზად უნდა ვიყოთ შესაძლო სამხედრო შემოჭრისთვის

გრენლანდიის პრემიერი

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ შესაძლო სამხედრო შემოჭრისთვის, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

ნილსენის თქმით, არქტიკული კუნძულის მოსახლეობამ და ხელისუფლებამ უნდა დაიწყონ მზადება შესაძლო სამხედრო შემოჭრისთვის, მაშინაც კი, თუ ეს ნაკლებად სავარაუდო სცენარია.

„სამხედრო კონფლიქტი ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მისი გამორიცხვა შეუძლებელია“, – განაცხადა ნილსენმა ნუუკში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნილსენის თქმით, გრენლანდიის მთავრობა შექმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც ყველა შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან იქნება შემდგარი. როგორც გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა მუშაობს საზოგადოებისთვის ახალი რეკომენდაციების გავრცელებაზე, მათ შორის რჩევებზე, რომ საკვების ხუთდღიანი მარაგი მოამზადონ.

ამასთან, გრენლანდიის ფინანსთა მინისტრმა, მუტე ეგედემ აღნიშნა, რომ გრენლანდია „დიდი ზეწოლის“ ქვეშაა და „ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყოს“.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდიის დაუფლება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია.