გრენლანდიაზე აშშ-ის მხრიდან სადაზვერვო ცნობების შეგროვებაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი დაიბარეს

გრენლანდია

გრენლანდიაზე აშშ-ის მხრიდან სადაზვერვო ცნობების შეგროვებაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა ამერიკული გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შემაშფოთებელი უწოდა და აღნიშნა, რომ მეგობრებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ჯაშუშური საქმიანობა არ უნდა აწარმოონ.

ამერიკული მედიის თანახმად, ვაშინგტონმა გრენლანდიაში სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება გააძლიერა. მედიის ცნობით, ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის დაქვემდებარებაში მყოფმა რამდენიმე მაღალჩინოსანმა აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების ხელმძღვანელებს „გაუგზავნა შეტყობინება“, რომლებსაც შემდგომში დაევალათ გრენლანდიის დამოუკიდებლობის მოძრაობის შესწავლა და დანიის ტერიტორიაზე აშშ-ის რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებული განწყობის შესწავლა.