ღაზაში ექვსი მძევლის ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, ისრაელის ქალაქებში ათობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა

ნო

 ღაზაში ექვსი მძევლის ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, ისრაელის ქალაქებში ათობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებენ, მეტი გააკეთოს ღაზაში დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებლად.

დემონსტრაციები გაიმართა თელ ავივში, იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში. ადგილობრივი მედიის შეფასებით, საპროტესტო აქციებში 500 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

დემონსტრანტებმა თელ ავივსა და იერუსალიმში გზები გადაკეტეს. იერუსალიმში აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ. პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებსაც გზები ჰქონდათ ბლოკირებული.

ადგილობრივი მედია 29 დაკავებულის შესახებ იტყობინება.

ამასთან, პროფკავშირები დღეს ისრაელში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით ერთდღიანი საყოველთაო გაფიცვის გამოცხადებას გეგმავს.

ღაზის სექტორში კიდევ ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ცნობით, მძევლების ცხედრები სამხედროებმა 31 აგვისტოს საღამოს იპოვეს ერთ-ერთ მიწისქვეშა გვირაბში ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰის რაიონში, სადაც ბოლო დღეებში ბრძოლები მიმდინარეობდა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მძევლები იარაღიდან ახლო მანძილიდან გასროლით სამხედროების მისვლამდე 2-3 დღით ადრე არიან მოკლული.

„ჰამასის“ ტყვეობაში კიდევ 101 მძევალია დარჩენილი, რომელთაგან ნაწილი, ისრაელის ხელისუფლების მონაცემებით, გარდაცვლილია.